ნარკოსცენა

როგორია ნარკოსიტუაცია რეგიონებში?

რამდენადაც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა თანაბრად ვრცელდება ქვეყნის ყველა რეგიონზე, ნარკოსცენაც   სხვადასხვა რეგიონში მეტნაკლებად ერთნაირია. წინა წლებთან შედარებით მეტად შეზღუდულია ხელმისაწვდომობა ე.წ იმპორტირებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე (ჰეროინი, სუბუტექსი,  მეთადონი, სირეცი, ოპიუმი) და მოხმარების მხრივ  ლიდერობს  კუსტარული (თვითნაკეთი) ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის პირველ ადგილზეა“ნიანგი”, ასევე აქტიურად მოიხმარენ “ვინტს” და შედარებით ნაკლებად “ჯეფს”.

სხვა რეგიონებთან შედარებით, ოდნავ განსხვავებული სურათია აჭარასა და ფოთში, რაც დაკავშირებულია მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებზე მეტ ხელმისაწვდომობასთან. მომხმარებლების გარკვეული ნაწილი თურქეთში პერიოდულად მუშაობს და იქვე მოიხმარს ნარკოტიკს. თურქეთში სტერილურ საინექციო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაბალია, რამდენადაც აფთიაქებში შპრიცები მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილ საინექციო წამლებთან ერთად გაიცემა, შესაბამისად მომხმარებლებს უწევთ მათი გაზიარება, რაც მათ ჯანრთელობას დამატებით საფრთხეს უქმნის.

აჭარაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ნარკოსიტუაცია ბოლო თვეებში (ივლისი-აგვისტო), რაც აქტიურ ტურისტული სეზონს უკავშირდება. გაიზარდა ბენეფიციარების მომართვიანობაც ზიანის შემცირების ცენტრში ბათუმში.

ნარკოტიკების  შემოდინების გზებით თუ განსხვავდება რეგიონები ერთმანეთისგან?

რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს თავისი არხი აქვს “გაჭრილი”. აჭარაში და ფოთში ნარკოტიკების შემოსვლის მთავარი წყარო თურქეთია, სამეგრელოში - აფხაზეთი, უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი, კახეთში - აზერბაიჯანი, თბილისში უფრო შერეული სურათია.

როგორია ნარკომომხმარებლების სტატისტიკური მონაცემები რეგიონებში?

ჩვენ შპრიცების გაცვლის  10 ცენტრი გვაქვს მთელს ქვეყანაში, სულ 9 ქალაქში. ყველა რეგიონს ვერ  ვფარავთ, შესაბამისად არ ვიცით რა სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო        ქართლში, გურიაში, რაჭაში, სვანეთში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში.

ჩვენი პროგრამა ყოველთვიურად დაახლოებით 3 500 – 4 000  ვიზიტორს ემსახურება. გარდა სტერილური საინექციო აღჭურვილობისა, ბენეფიციარებს ჩვენს ცენტრებში უტარდებათ გამოკვლევები აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე, მიეწოდებათ საინფორმაციო–საგანმანათლებლო მასალები ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების შესახებ, ურიგდებათ ნალოქსონი ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირებისას გამოყენების მიზნით. რაც მთავარია ჩვენს  ცენტრებში არსებული ყველა მომსახურება არის უფასო და ანონიმური.

ბენეფიციარების გარკვეული რაოდენობა ჩვენი პროგრამებით სარგებლობას წყვეტს სხვადასხვა მიზეზით - მაღალია საზღვარგარეთ ემიგრირების მაჩვენებელი, ნაწილი ნარკოდანაშაულის გამო ციხეში ხვდება, ზოგი უბრალოდ იმალება არსებული კანონმდებლობის შიშით, თუმცა პროგრამაში  ყოველთვიურად გვემატებიან ახალი ბენეფიციარებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით.

მოცვის მხრივ ჩვენი პროგრამის 2012 წლის მონაცემებით პირველადი სტატისტიკა ასეთია : თბილისის ორ ცენტრში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 800 მომხმარებელი მოდის; გორში - 400-მდე ; ბათუმში 300-სა და 350-ს შორის მერყეობს ეს რიცხვი; ზუგდიდშიც იგივე მდგომარეობაა; სამტრედიაში საშუალოდ 200; ქუთაისში - 250-მდე; თელავში - 350 და სოხუმში დაახლოებით 300 ბენეფიციარი.

ზედოზირების სიმრავლით რომელი რეგიონი გამოირჩევა?

სამწუხაროდ,ზედოზირების შემთხვევების აღრიცხვის ზუსტი სტატისტიკა დღეისათვის ქვეყანაში არ არსებობს. სასწრაფო დახმარების სამსახური ზედოზირებას თითქმის არასდროს აფიქსირებს გარდაცვალების მიზეზად.

მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკის და სტიგმის გამო ნარკომომხმარებლები ერიდებიან საზოგადოებაში გამოჩენას, როგორია მათი ნდობა თქვენი ცენტრების მიმართ?

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ყველა სერვისი არის ანონიმური, მათი ნდობა მაღალია. ვინც წლების განმავლობაში სარგებლობს ჩვენი სერვისებით, მათ მოჰყავთ ნაცნობები და ჩვენი ბენეფიციარების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, თუმცა, ზოგადად მომხმარებლებში  შიშის ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანია. შესაძლოა იცოდნენ კიდეც ჩვენი პროგრამის შესახებ, მაგრამ მაინც ვერ ბედავდნენ მოსვლას პოლიციის შიშით. არის შემთხვევები, როდესაც ვიცით,რომ არსებობს ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ჯგუფურად მოიხმარს ნარკოტიკს, თუმცა ვერ ვახერხებთ მათ მოცვას. ამ შემთხვევებში საჭიროა მათთვის ძალიან სანდო ადამიანის პოვნა, ვინც მათ დაარწმუნებს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიცია, არც პოლიციასთან დაკავშირებული ორგანიზაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ დაავადებების და ნარკოტიკების ინტრავენურ მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილებაში.

ჩვენი პროექტის ფარგლებში მოქმედებს ე.წ „თანასწორ განმანათლებელთა“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს მცირე ფულადი ინსენტივების მიცემას მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩვენგან  მიღებულ ინფორმაციას სხვა ნარკომომხმარებლებს გადასცემენ. იმის დასამტკიცებლად, რომ ინფორმაცია გაავრცელა, ბენეფიციარს მისი “მოსწავლე” მოჰყავს და ჩვენ მათ ვუტარებთ პატარა ტესტს ცოდნის შესამოწმებლად. შესაბამისად, ბენეფიციარი დაინტერესებულია მიიღოს საჭირო ცოდნა და გაუზიაროს ის მეგობრებს. რას ვასწავლით ჩვენს კლიენტებს? ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები - რა არის აივ ინფექცია, რა არის ფანჯრის პერიოდი (დრო აივ ინფექციის ვირუსით ინფიცირების მომენტიდან 2-3 თვემდე, როდესაც სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ანალიზით ვერ დგინდება), როგორ ხდება სისხლის გზით გადამდები ინფექციების (მათ შორის B და C ჰეაპტიტისგან) დაცვა, რა არის ზედოზირება, როგორ შეიძლება მისგან დაცვა და ასე შემდეგ. ეს არის მიზანმიმართული განათლება უსაფრთხო ინექციის ხელშეწყობისათვის. პროგრამა საკმაოდ ეფექტურია, რაც დამტკიცებულია სხვადასხვა კვლევებით. იგი წარმატებით ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც აივ ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა სწორედ ინტრავენური ნარკომანიაა.