ევროკავშირის ჯანდაცვის პროგრამების სიმპოზიუმი

ევროკავშირის ჯანდაცვის პროგრამების სიმპოზიუმი

მაკა გოგია, თებერვალი, 2017                                                                                                   

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი                    

 

30 იანვარს დავესწარი ევროკავშირის ჯანდაცვის პროგრამების სიმპოზიუმს მალტაში. ( http://www.opttest.eu/News ) აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო თანამშრომლობის, დისკუსიის და დიალოგის ინიცირება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის აივ/შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის სფეროში. სიმპოზიუმი ჩატარდა OptTEST, Euro HIV EDAT და CHAFEA-ის ორგანიზებით.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხების შესახებ, რაზეც მიმდინარეობდა განხილვა სიმპოზიუმის მსვლელობის დროს.

 

პრე კონტაქტური პროფილაქტიკა (PreP)

ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა მოხსენება მათ ქვეყნებში პრე კონტაქტური პროფილაქტიკის მდგომარეობის შესახებ. ქვეყნების უმეტესობა გამოხატავს აბსოლიტურ მზადყოფნას ამ ინტერვენციის ადაპტირებისთვის და ფართოდ დასანერგად. რიგ ევროპის ქვეყნებში უკვე ჩატარდა კვლევები აივ პრევენციის ამ მიმართულების ეფექტურობის შესასწავლად მსმ პოპულაციაში, კომერციულ სექს მუშაკებში და ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში. კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ინტერვენცია ყველაზე ეფექტურია მსმ პოპულაციაში.

უმრავლესობა პრე კონტაქტური პროფილაქტიკის კვლევებისთვის ჩასართავად შერჩევის კრიტერიუმი იყო თანაბარი: მონაწილე იყო 18 წელზე მეტი ასაკის;  არ იყო ინფიცირებული აივ-ით; ყავდა 10-ზე მეტი სქესობრივი პარტნიორი გასული წლის მანძილზე; მათი შემთხვევებითი ან დროებითი სქესობრივი კავშირები არ იყო ყოველთვის დაცული; გამოიყენებდნენ რეკრეაციულ ნარკოტიკებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივია კასტილო სორიამ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც ახალი აივ-ის შემთხვევების დიდი უმეტესობა სწორედ მსმ პოპულაციაშია (მაგ. ესპანეთში 56%-ია) გავრცელებული, მეტად ეფექტური იქნება პრე კონტაქტური პროფილაქტიკის ფართოდ დანერგვა, რისთვისაც ქვეყნებს მეტი ძალისხმევა მართებთ, ვიდრე ეს დღეს ხდება.

 

აივ ინფექციის და კოინფექციების მართვა ზიანის შემცირების პროგრამებში

 

ჯეფრი ლაზარუსის და უთი კარვონენის მიერ წარმოდგენილ პრეზენციებში განხილულ იქნა აივ-ის და კო-ინფექციების მართვის ასპექტები ზიანის შემცირების პროგრამებში. სხვადასხვა ინფექციების კომპლექსური მართვის - პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა, რეფერირება და მკურნალობაში დამყოლობის მხარდაჭერა - წარმოადგენს სრულყოფილ პაკეტს თანამედროვე ზიანის შემცირების პროგრამებში. ამ ეტაპზე ევროკავშირის 3 ქვეყანაში (ლატვია, ლიტვა და უნგრეთი) მიმდინარეობს პროექტი HA-REACT, რომელიც მიზნად ისახავს: ნული ახალი აივ ინფექცია, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების შემცირება  ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის 2020 წლისთვის.

აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე პროექტის შედეგებმა აჩვენა, რომ საჭიროა მეტი მუშაობის გაწევა შემდეგი მიმართულებით: ქალებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების პროგრამების შექმნა და განხორციელება; ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობის და დაფინანსების უწყვეტობის უზრუნველყოფა; ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებისას არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შენარჩუნება; ციხეებში ზიანის შემცირების პროგრამების პილოტირება და დანერგვა; სხვადასხვა ინფექციების მკურნალობის კომპონენტების ინტეგრაცია ზიანის შემცირების პროგრამებში.

აღნიშნული დაავადებების პრევენცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო პროგრამების გასაფართოებლად და ყველა საჭირო კომპონენტის ინტეგრაციისთვის.

 

ტუბერკულოზი

 

ტუბერკულოზის ევროპის კოალიციის (სათემო ორგანიზაციების და ინდივიდუალური აქტივისტების არაფორმალური ქსელი) წარმომადგენლის, ანეტე ქუქის მიერ აქცენტები გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ტუბერკულოზზე საპასუხო ღონისძიებებში ევროპის რეგიონში, რამდენადაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება სწორედ ევროპის რეგიონში აღინიშნება.

საგანგაშოა საერთაშორისო ფონდების მიერ ტუბერკულოზის სფეროს დაფინანსების კლების ტენდენციაც (ხშირად ქვეყნებისთვის ეს არის ტუბ-ის პროგრამების დაფინანსების ერთადერთი წყარო). ამასთანავე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სისტემები საკმაოდ სუსტია ტუბერკულოზთან საბრძოლველად, ხოლო სტიგმა და დისკრიმინაცია წლების მანძილზე დაუძლეველ პრობლემად რჩება.

ტუბერკულოზის მხრივ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ტუბ კოალიციის მიერ 2016 წელს შეიქმნა: პირველი რუსულ ენოვანი ტუბ პაციენტების კოალიცია რეგიონში; დაიწყო გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი სახელწოდებით TB REP, აგრეთვე ჩამოყალიბდა ევრაზიის პარლამენტარების კავკასიის ჯგუფი ტუბერკულოზის წინააღმდეგ.

ტუბ კოალიცია გამოხატავს დაინტერესებას ითანამშრომლოს აივ-ის, ზიანის შემცირების და ჰეპატიტების პრევენციის კოალიციებთან საზოგადოებრივ ჯანდაცვისთვის მეტი სარგებლის მოტანის მიზნით, აგრეთვე კანონმდებლობის დასახვეწად მარგინალიზებული პოპულაციებისთვის უკეთესი სერვისების მისაღებად.

 

C ჰეპატიტი

 

სიმპოზიუმზე წარმოდგენილ იქნა ახალი, პაციენტზე მორგებული ცე ჰეპატიტის მოვლის მოდელი ირლანდიის წარმომადგენლის ჯონ ლამბერტის მიერ. აღნიშნული მოდელი შეიქმნა მაღალი რისკ პოპულაციის - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების და უსახლკაროებისთვის C ჰეპატიტის ტესტირების და მკურნალობის აუთრიჩზე დაფუძნებული მეთოდის დანერგვისთვის, აგრეთვე პირველადი და მეორადი მოვლის სერვისების ინტეგრაციის მიზნით.

დასახელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ C ჰეპატიტი ,,იშვიათ დაავადებად“ იქცეს: თემის სწავლება, მომზადება ტესტირებისთვის და მკურნალობაში ჩასართავად; საგანმანათლებლო მოდულების შექმნა C-ზე უარყოფითი პაციენტებისთვის შემდგომი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით; სათემო ჯანდაცვის მუშაკის სწავლება ახალ სამკურნალო რეჟიმებზე, მკურნალობის გამოსავალზე, მკურნალობაში დამყოლობის გასაძლიერებლად თემის წევრებს შორის თანასწორის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომებით; აუთრიჩზე სკრინინგის ჩატარება, მეტი აქცენტით ნერწყვის ტესტირებაზე; აუთრიჩზე ფიბროსკანით ტესტირება; სხვადასხვა ინფექციების მკურნალობაში ჩასართავად ერთიანი სისტემის ფორმირება მაქსიმალურად მარტივი და რისკ ჯგუფებზე მორგებული მექანიზმებით.

ირლანდიის ქეისზე დაყრდნობით სიმპოზიუმზე  გაჟღერდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი შემდგომი ადვოკაციის და C ჰეპატიტის გავრცელების მინიმიზაციის მიზნით:

1.  C ჰეპატიტი განკურნებადი დაავადებაა;

2. წამლები უსაფრთხოა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის მინიმალური მონიტორინგის პირობებშიც;

3.  თემის წევრების აქტიური ჩართულობა სკრინინგის და მკურნალობაში ჩასართავად მნიშვნელოვანია;

4. პარტნიორობა პირველადი ჯანდაცვის რგოლთან აუცილებელია;

5. თანასწორგანმანათლებლებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია;

6. ღვიძლის დაზიანების შორსწასული ფორმების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული მკურნალობის დაწყებით;

7. დამატებითი ფინანსური ინვესტირება თემში მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ მოწყვლადი პოპულაცია მკურნალობის პროგრამაში დროულად ჩაერთოს.