ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ნარკოპოლიტიკის გაცნობის მიზნით

 

 

ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული  ნარკოპოლიტიკის გაცნობის მიზნით

ძირითადი შედეგები

კახა კვაშილავა, მაკა გოგია

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

თებერვალი, 2017

საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად  ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აფერხებს მათ ხელმისაწვდომობას სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მისაღებად. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა  (ნარკოტიკების მოხმარება და მათი ფლობა პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა) ხელს უშლის ქვეყანაში არსებულ ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებას. შესაბამისად, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შპრიცების გაცვლა არ ხორციელდება, ხდება მხოლოდ სტერილური საინექციო აღჭურვილობის დისტრიბუცია, რამდენადაც ნახმარ შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის უმცირესი ოდენობაც კი შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივის პასუხისმგებლობის საფუძველი. გარდა ამისა, აუთრიჩზე მუშაობისას პროექტის თანამშრომლებს 14-ივე სერვის ცენტრში ყოველდღიურად უწევთ პოლიციის შიშის ქვეშ მუშაობა.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ბოლო ათწლეულის მანძილზე აქტიურადაა ჩართული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ადვოკაციის პროცესში. ქსელის მიერ არაერთხელ მოხდა ნარკოკანონმდებლობის ცვლილების ინიცირება, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში არ არსებობდა ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური ნება ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით 2017 წლის 14-17 თებერვალს შედგა მაღალი დონის სამთავრობო სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენლების (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ზაზა სოფრომაძე; შსს მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი ბესიკ ამირანაშვილი; იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული საბჭოს მდივანი, ქ-ნი ქეთევან სარაჯიშვილი; პოლიციის აკადემიის პრორექტორი ბ-ნი ივანე  პაპიაშვილი, დაავაებთა კონტროლისა და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი ირმა ხონელიძე) გასვლითი ვიზიტი ქ.პრაღაში,  ჩეხეთის ნარკოპოლიტიკის გასაცნობად. სასწავლო ვიზიტს თანხლებაგაუწიეს ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელისა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა.

ვიზიტი იმაზე მეტად ინფორმატიული და შინაარსობრივად დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. შედგა შევხვდრა ჩეხეთის ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრის კოორდინატორ ბ-ნ ინდრიხ ვობორილთან და ნარკოტიკების და დამოკიდებულების ეროვნული  მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ბ-ნ ვიქტორ მრავჩიკთან. მათ დელეგაციის წევრებს გააცნეს ჩეხეთის არსებული ნარკოპოლიტიკა (სტრატეგია, სამოქმედო გეგმები, დაფინანსების მოდელები, სერვისების სტანდარტიზაციის პროცესი), რომელიც დაფუძნებულია ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ზიანის შემცირების პრინციპებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხეთის ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრ არის სისტემურად მოწესრიგებული ინსტიტუტი, იგი  აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობებს მათივე კომპეტენციის ფარგლებში - სამთავრობო უწყებები, (სხვადასხვა სამინისტროები, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები) და არასამთავრობო სექტორი (არასამთავრობო ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც წარმოდგენილია ერთი ქოლგის ქვეშ), ასევე კვლევითი ორგანიზაციები, სოც მუშაკთა ასოციაციები, სამკურნალო კლინიკები და სერვის პროვაიდერები.

ჩეხეთის ნარკოპოლიტიკა დაფუძნებულია პრაგმატულ მიდგომაზე, ისახავს რეალისტურ და მიღწევად  მიზნებს (არა ,,ნარკოტიკებისგან თავისუფალი საზოგადოება“) და ეყრდნობა 4 მთავარ ღერძს: პირველადი პრევენცია, ზიანის შემცირება, მკურნალობა-რეაბილიტაცია და სამართალწარმოება. ჩეხი კოლეგები წარსული გამოცდილების გათვალისწინებით უპირატესობას ანიჭებენ  კოორდინირებულ, ინტერდისციპლინარულ და ჯვარედინ-სექციურ მიდგომას ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში.

ჩეხეთში ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება 2010 წლიდან დეკრიმინალიზებულია (თუმცა არა ლეგალიზებული). მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობა პირადი მოხმარების მიზნით არ არის დასჯადი. ნარკოსცენა ხშირად იცვლება (პირველ ადგილზეა პერვიტინის გამოყენება, შემდგომ მოდის ოპიატები და ანალგეტიკები), შესაბამისად, რეგულაციები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივად გამოყენებაზე ცვალებადია.

სტრუქტურულად ჩეხეთის ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრი აერთიანებს არამარტო ნარკოტიკის, არამედ ალკოჰოლის და აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსაც (ჩეხეთი ევროპის რეგიონში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია). თავად ცენტრი და სისტემა კარგად მართული და ცოცხალი მექანიზმია (მხოლოდ ფურცელზე არ არსებობს), ხოლო პირები რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღები და სერვისების მიმწოდებლები, არიან დიდი გამოცდილების მქონე, აცნობიერებენ პასუხისმგებლობას მათი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებული არიან შესაბამისი სტრუქტურის წინაშე (მოქმედებს ჰორიზონტალური და ვერტიკალური მართვის სისტემა), ხოლო თავად ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრი ანგარიშვალდებულია  პრემიერ მინისტრის წინაშე.

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო იმ მონაცემების სიუხვე და მრავალფეროვნება, რასაც ეროვული ანტინარკოტიკული ცენტრი ყოველწიულად აწარმოებს. სხვადასხვა პროგრამული თუ კვლევითი მონაცემები დეზაგრეგირებული სახით თავს იყრის ერთად  ზედა დონეზე და ანალიზდება სხვადასხვა ჭრილში. არსებულ მონაცემებზე დაყრნობით და ანტინარკოტიკული საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით ხდება პროგრამების მოდიფიკაცია, დაგეგმვა, ბიუჯეტის დამტკიცება დასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დეკრიმინალიზაციის შემდეგ 2010 წლიდან პირველი 4 წლის მანძილზე გარკვეულწილად გაიზარდა ნარკომოხმარება, თუმცა ძირითადად რეკრეაციული ნარკოტიკების და კანაბინოიდების ფონზე. არ მომხდარა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების ზრდა. ამასთანავე ბოლო 3 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ნარკომოხმარების ზდრის ტრენდი იკლებს და ამასთანავე იმატებს მოთხოვნა მკურალობის და ზიანის შემცირების სერვისებზე.

ზიანის შემცირების სერვისები ჩეხეთში

ზიანის შემცირების პროგრამების ფუნქციონირება რეგულირდება მთავრობის დადგენილებით და სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის მუნიციპალურ დონეებზე) და წარმოადგენს ეროვნული ნარკოპოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ზიანის შემცირების სერვისები დაფინანსებას იღებს სხვადასხვა წყაროებიდან: ჯანდაცვის სამინისტრო (ჯანმრთელობის დაზღვევის კონტრაქტი), სოციალური დაცვის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი თვითმმართველობები, ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრი, ქალაქის მერია, ევროპის სოციალური ფონდები, დამოუკიდებელი ფონდები. სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია და მორგებულია სხვადასხვა სუბ-პოპულაციის საჭიროებებს და ნარკოსცენას. პროგრამების უწყვეტ დაფინანსებას კოორდინირებას უწევს ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრი. ასევე აღინიშნა, რომ არსებული ბიუროკრატიული ბარიერები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამების დროულ დაწყებას და ანაზღაურების პროცესს (შესაძლოა ეს პროცესი 6 თვემდეც გაიჭიმოს).

მეტად მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის წევრებისთვის ზიანის შემცირების პროგრამების სერტიფიცირების პროცესის წარდგენა. სერტიფიცირებას ახდენს სერტიფიცირების სააგენტო, რომელიც შედის ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრის დაქვემდებარებაში. სერტიფიცირება ხდება გაწერილი პროცედურების შესაბამისად ეროვნული სტანდარტებზე დაყრდნობით. შეფასების შედეგად სერვის ცენტრს ენიჭება შესაბამისი ქულა (მინიმალური ანუ წარუმატებელია 0 ქულა, ხოლო მაქსიმუმი 4 ქულაა).

რაც შეეხება ჩანაცვლებით თერაპიას, ჩეხეთში ყველა ტიპის პროგრამა არის უფასო, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ჩართვა სურს. მეტადონის პროგრამა ფუნქციონირებს დოზის ყოველდღიური გაცემით, ხოლო ბუპრენორფინის შემთხვევაში ექიმის მიერ რამდენიმე დღის, ხშირად კი (დამოკიდებულია პაციენტის ისტორიაზე) რამდენიმე კვირის დოზის გამოწერა ხდება, რასაც პაციენტი შესაბამის აფთიაქში იღებს.

ჩვენი დელეგაცია ვიზიტის მეორე დღეს ეწვია დროფ-ინ  ცენტრს Sananim-ს და შეხვდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს პაველ ბემს, იგი ამავდროულად პრაღის ყოფილი მერია, ჩეხეთის ყოფილი პარლამენტარი და ნარკოპოლიტიკის გლობალური კომიისიის მოქმედი წევრი. ბ-ნი ბემის მიერ გაკეთდა საკმაოდ საინტერესო მოხსენება ჩეხეთის ნარკოპოლიტიკის შესახებ, მან ბევრი ისაუბრა წარსულ ნარკოპოლიტიკაზე (დეკრიმინალიზაციამდე) და იმ პრობლემებზე, რასაც არსებული სისტემა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას უქმნიდა. იგი აქტიურად იყო ჩართული ნარკოპოლიტიკის ცვლილების პროცესში ჯერ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ხოლო მოგვიანებით როგორც საკანმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი.

ბ-ნი ბემის მოხსენებიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

  • ჩეხეთს ევროპაში ყველაზე დაბალი აივ/შიდსის პრევალენტობა აქვს;
  • ცე ჰეპატიტის პრევალენტობა სტაბილურია (არ იზრდება);
  • ნარკომოხმარებით გამოწვეული სხეულის დაზიანება მინიმალურია (3%), მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული დაზიანებებიც;
  • რეგისტრირებული სისხლის სამართლის დანაშაულიდან მხოლოდ 2.2% არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული;
  • ჩეხეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლზე;
  • ზიანის შემცირების პროგრამებით მოსარგებლე ყოველი 3 პაციენტიდან 2 მიმართავს სამკურნალო პროგრამებს;
  • ქვეყნის მიერ ნარკოპოლიტიკაზე დახარჯული წლიური ბიუჯეტიდან, რაც 57,7 მილიონს შეადგენს, 14% იხარჯება ზიანის შემცირებაზე, 9% მკურნალობაზე, 3% პრევენციაზე, 3% კვლევებსა და შეფასებაზე. 58% კი სამართალდამცველ სტრუქტურებზე;
  • ჩეხეთის მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს მინიმუმ ერთხელ აქვს მოხმარებული კანაბინოიდები ბოლო 12 თვის მანძილზე.

რეაბილიტაცია

რეაბილიტაციის კომპონენტი ინტეგრირებულია მკურნალობის კომპონენტში და ასევე მოიცავს თავშესაფრის შეთავაზებას, პროფესიულ სწავლებას, დასაქმებას (აქტიურად თანამშრომლობენ დასაქმების სააგენტოებთან), მუშაობას თანადამოკიდებულ პირებთან, მათ შორის ბავშვებთან. აქტიურად იყენებენ ქეის მენეჯმენტს როგორც სტაციონალურ, ისე აუთრიჩის დონეზე. დამატებით ფუნქციონირებენ ცენტრები, რომლებიც ემსახურებიან კანონთან კონფლიქტში მყოფ ნარკომომხმარებლებს. ცალკე სერვისები არსებობს ციხეში მყოფ ან ციხიდან გათავისუფლებული პირებისთვისაც (განსაკუთრებით პირველი 3-4 კვირის, ანუ ,,ნაცრისფერი“ პერიოდის მანძლზე).

რეაბილიტაციისთვის არსებული ყველა აღნიშნული სერვისი არის უფასო და ნებაყოფლობითი. ჩეხი კოლეგების აღნიშვნით, ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას დებენ საიმისოდ, რომ ნარკომომხმარებელი დაუბრუნდეს სრულფასოვანი საზოგადოებას.

ჩვენი ვიზიტის დროს გვქონდა საშუალება 2 დღე გაგვეტარებინა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,არტ კაფეში“, რომელიც ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის საჭირო სივრცესაც მოიცავს. სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმებამდე ნარკომომხმარებლებს მკურნალობის შემდგომ ჩაუტარდათ ინტენსიური პროფესიული სასწავლო კურსი საკვების დამუშავება-დამზადებასა და კლიენტების მომსახურებაზე. შეგვიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მათ მიერ მომზადებული კერძები და დესერტი საკმაოდ გემრიელი იყო, მომსახურების სერვისი კი ხარისხიანი.

დასჯის ალტერნატიული მეთოდები

საინტერესოდ გამოიყურება ნარკოდანაშაულთან მიმართებაში ჩეხური პოლიტიკა. უმთავრესი არის ის, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა გამოიყენება ინდივიდუალურად, არ არსებობს მკაცრად დადგენილი სავალდებულოდ გამოყენებადი სასჯელის ზომები, მათ შორის ჯარიმა და უფლებების ჩამორთმევა. ნარკოდანაშაულში მხილებული პირის მიმართ უმეტესეად გამოიყენება ალტერნატიული სასჯელები, თუკი სახეზე არ არის გასაღების ფაქტი. უმეტესად მომხმარებლებს სთავაზობენ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ფსიქოლოგთან კონსულტაციას, ან/და მკურნალობას სტაციონარული ან ამბულატორიული წესით. იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს  ალტერნატიული სასჯელის პირობებს, მის მიმართ გამოიყენება საპატიმრო ღონისძიებები. თუმცა სასამართლოს სისხლის სამართლის კანონის ზოგადი ნორმებიდან გამომდინარე აქვს  უფლება პირობითად გაათავისუფლოს. შედარებით მკაცრია დამოკიდებულება იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელი ნარკოტიკის შეძენის მიზნით ჩადის სხვა დანაშაულს. განსაკუთრებულად არ განსხვავდება ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისგან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. ოდენობების დაუდგენლობა და  ახალ-ახალალი პრეპარატების შემოდინება ერთერთ პრობლემას წარმოადგენს ჩეხური კანონმდებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგის დასკვენები, რომლის გაცემის უფლება აქვს სერთიფიცირებულ ფსიქოლოგს, რომელიც შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელიც კი.  მკურნალობის კურსზე დათანხმების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა.  

გასვლითი ვიზიტი აუთრიჩზე

ვიზიტის ბოლო დღეს დელეგაციის წევრებს საშუალება ქონდათ აუთრიჩზე პირადად დაკვირვებოდნენ მობილური ამბულატორიებით სერვისების მიწოდების პროცესს. პარალელურად სრულყოფილ ინფორმაციას იღებდნენ პროგრამის თანამშრომლებისგან მათთვის საჭირო შეკითხვებზე. აუთრიჩის ტერიტორიაზე პატრულირებდა პოლიციაც, თუმცა ეს არ ქმნიდა არანაირ დისკომფორტს არც ნარკომომხმარებლებისთვის და არც სერვისის მიმწოდებლებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის მიმდინარეობის პარალელურად მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები დელეგაციის წევრებს შორის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხდებოდა პოზიციების შეჯერება, იმართებოდა დისკუსიები, თუ რისი დანერგვა ან მოდიფიკაცია შეიძლებოდა საქართველოში აღნიშნული პრაქტიკის გათვალისწინებით.

და ბოლოს გვინდა განსაკუთრებული მადლობა მოვუხადოთ სასწავლო ვიზიტის ორგანიზატორებს, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელს და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზიტის ორგანიზებისთვის, დარწმუნებული ვართ დელეგაციის ყველა წევრი პოზიტიური განწყობით და ახალი შემართებით დაბრუნდა საქართველოში.