ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის

ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიზნით, ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით მოამზადა საკონონმდებლო ცვლილებები. პრეზენტაცია 2017 წლის 12 აპრილს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" გაიმართა.

საკანონმდებლო ინიციატივები  მიზნად ისახავს მოქმედი რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას. ამ მიზნით, ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების და მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაცია;
  • სისხლისსამართლებრივი სანქციების შემსუბუქება;
  • ნარკოტიკული ნივთიერებების დოზების სამართლიანი განსაზღვრა;
  • ღირსების შემლახავი იძულებით ნარკოტესტირების ცვლილება;
  • ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

საქართველოში მოქმედი ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. გარდა იმისა, რომ ზოგადად ნარკოტიკის მოხმარება არის კრიმინალიზებული, სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებისთვის (შეძენა/შენახვა, კულტივირება) გათვალისწინებულია არაადეკვატურად მძიმე სანქციები.

ნარკოტიკული ნივთიერებების დაახლოებით ¾-ისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის) ოდენობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნარკოტიკების უმცირესი ოდენობაც კი კანონით მიიჩნევა დიდ ოდენობად და მისთვის სანქციის სახით რამდენიმეწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. კრიმინალიზების და იზოლაციის ტენდენცია დამატებით მარგინალიზებას უწევს ამ ჯგუფს და ზრდის მათი და მათი ოჯახების სოციალურ მოწყვლადობას.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე აღწერა