ვიპოვოთ 100000 დაკარგული ადამიანი

ბოლო წლებში საქართველომ C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდისათვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა:2015 წლიდან ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 45 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 40 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 %- C ჰეპატიტისგან განიკურნა. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან 20 თვის თავზე, დაავადებულთა მხოლოდ 20% ჩაერთო პროგრამაში. 2016 წლიდან კი, პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი მუდმივად მცირდება. ქვეყანამ კი 2020 წლისათვის C ჰეპატიტის ელიმინაცია უნდა მოახდინოს. 2015 წლის პოპულაციის კვლევის მიხედვით,საქართველოში 150 ათასი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი იყო, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა. თვისობრივად ელიმინაციის პროგრამა გულისხმობს ამ ადამიანების მკურნალობას, რამაც სხვა პრევენციულ ინტერვენციებთან ერთად უნდა მოახდინოს C ჰეპატიტის გავრცელების მინიმუმადე დაყვანა და ელიმინაცია.

დღეს დღეითობით საქართველოში 100 000 ადამიანი მკურნალობის მიღმა რჩება, ისინი სხვადასხვა მიზეზებისა და ბარიერების გამო არ არის ჩართული ელიმინაციის პროგრამაში. აღნიშნული ბარიერები ძირითადად უკავშირდება შემდეგ საკვანძო საკითხს: ფინანსურ ხელმისაწვდომობას, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების შემთხვევაში კრიმინალიზაციას.

დღეს აღნიშნული ბარიერების გამო 100 000 ადამიანისთვის მკურნალობა ხელმიუწვდომელია.

ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია: არსებული ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების აღმოფხვრა, რათა მოხდეს გამოვლენა, გამოვლენილი პაციენტების ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა; ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართული წლევანდელი კამპანია მიზანად ისახადა ელიმინაციის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას. კამპანიის ,,ვიპოვოთ 100 000 დაკარგული ადამიანი“ ფარგლებში 1 აგვისტოს მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ფაბრიკა“ პაციენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელის მიზანს C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ზემოთაღნიშნული ბარიერების დაძლევა და ყველა დონის დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიის ინიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები. ასევე, დარგის ექსპერტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები, პროგრამის ბენეფიციარები და აქტივისტები. სულ 40 მონაწილე. ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა აივ/შიდსის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემეგი პრეზენტაციები:

 ელიმინაციის პროგრამა, მიღწევები და გამოწვევები - ეკა ადამია , შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;
 სამეგრელო-ზემო სვანეთის საპილოტე პროგრამა- ირმა ხონელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
 C ჰეპატიტის ელიმინაცია და ზიანის შემცირების პროგრამა საქართველოში-მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;
 FIND- ის პროგრამა, მიღწევები და გამოწვევები-მაია ჯაფარიძე ,FIND პროგრამის მენეჯერი;
 ზიანის შემცირების პროგრამაში C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრაცია; ბარიერების კვლევა-მაია ბუწაშვილი, კლინიკა ნეოლაბი/ჯანმრთელობის კვლევის კავშირი;
 თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული ინტერვენციები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის-თამარ კიკვიძე, მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი;
 ელიმინაცია დეკრიმინალიზაციის მოლოდინში, პაციენტთა თემის თვალით დანახული გამოწვევები და სამომავლო გეგმები-კონსტანტინე რუხაძე, პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო (GeCAB)

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და იმ ბარიერებზე, რომელსაც ნარკოტიკების მომხმარებლები ჰეპატიტის დიაგნოტიკა/მკუნალობის პროცესში აწყდებიან. გაჟღერდა პაციენტთა ვიდეო მიმართვები საქართველოს სხვადასხა რეგიონებიდან.

საუბარი გაიმართა ასევე პაციენტთა თემის როლზე ელიმინაციის პროგრამაში, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული კომპონენტის მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში.

„ჩვენ ძალიან ამბიციური სამიზნე გვაქვს. ჩვენი სამიზნეა 90-95-95, რომ 2020 წლის ბოლოს მოსახლეობის 90% უნდა იყოს გამოკვლეული, ვინც დადებითი იქნება, იქიდან 95% უნდა ჩაერთოს მკურნალობაში და 95% უნდა განიკურნოს. ძალიან ამბიციურია. რასაც ვამბობთ, ოდნავ სატრაბახო გაქვს ის, რომ ამ მაჩვენებლებით ჩვენი მოსახლეობის 1/3 დასკრინულია, 1/3 სამიზნე მაჩვენებლის უკვე ნამკურნალევია, ამით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7%-დან 15%-ის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს 30-35% მკურნალობაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან მინდა, რომ საქართველო იყოს პირველ ქვეყანა, სადაც ეს ვერაგი დაავადება აღმოიფხვრება. ამის რეალური შანსი, რეალური საშუალება ქვეყანას აქვს და ეს ყველამ გამოიყენოს“ - აღნიშნა შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპილოტე პროგრამის შედეგების შესახებ და აღნიშნა, რომ პროექტები უკვე დეპენტალიზაციის მიმართულებით მიდის სამეგრელო-ზემო სვანეთიში,უახლოეს მომავალში აჭარაში, კახეთში დაიწყება და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება. ასე ,რომ მკურნალობა გეოგრაფიულად მაქსიმალურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა პაციენტისთვის. ეკა ადამიამ, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ მარტივდება დიაგნოსტიკური ალგორითმები და კიდევ უფრო გაიაფდება დიაგნოსტიკური კვლევების ღირებულება, რაც უფრო გაამარტივებს მკურნალობაში ჩართვას. ,,ამიტომ ადამიანებმა უნდა მოინდომონ და ჩაიტარონ ტესტირება , რადგან უმრავლესობამ არ იცის რომ C ჰეპატიტით არის დაავადებული“ - აღნიშნა მან.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მრგვალი მაგიდა ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა და მონაწილეების მხრიდან ნაყოფიერად შეფასდა.
26-27 ივლისს მედიასთან თანამშრომლოვის გაღრმავების მიზნით მობილური ამბულატორიების საშუალებით საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი2 და იმედის ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ნებაყოფლობითი ტესტირება აივ ინფექციასა და ც ჰეპატიტზე. ტესტირებაში 100-მდე ადამიანმა მიოღო მონაწილეობა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის შესაძლებელია ყველა ბარიერის დაძლევა, დაკარგული 100000 ადამიანის პოვნა და ელიმინაციის პროგეამისს წარმატებით დასრულება.