უფლებები და ნარკოპოლიტიკა

კვლევები ადამიანის უფლებებსა და ნარკოპოლიტიკაზე საკმაოდ მწირია როგორც საერთაშორისო დონეზე,ასევე საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. უფრო მეტიც, ხშირად ადამიანის უფლებების განხილვისას სიძნელეებს ვაწყდებით ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ზიანის სრულად აღქმის თვალსაზრისით, და შესაბამისად, გვიჭირს სახელმწიფო მოხელეებისა თუ ინსტიტუტების დარწმუნება იმაში, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა და რატომ უნდა დაექვემდებაროს ის ადამიანის უფლებათა კუთხით სრულ და პერიოდულ შეფასებას.

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ჯერ სახელმწიფოს სრულყოფილად არც შეუფასებია. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო და სხვა კვლევითი ორგანიზაციები ნაკლოვან ნარკოპოლიტიკასა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგროვილ პრობლემებზე არაერთ კვლევაში საუბრობენ, სახელმწიფო ორგანოები დღემდე არ აღიარებენ, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე და ეს არა მხოლოდ არასრული იმპლემენტაციის გამო ხდება, არამედ იმიტომ, რომ მსგავს დარღვევებს სწორედ კანონმდებლობა და პოლიტიკა უწყობს ხელს. მეტიც,  ეს ყველაფერი ხშირად ნარკოკანონმდებლობის პირდაპირი გამოყენების შედეგია.

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ნარკოპოლიტიკის სფეროში

საქართველო საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის სფეროში გაეროს ყველა საერთაშორისო კონვენციის მონაწილეა. კერძოდ, 2000 წლიდან საქართველო მიუერთდა გაეროს 1961 წლის ერთიან კონვენციას ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ, ხოლო უფრო ადრე მოახდინა გაეროს 1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ და 1988 წლის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციების რატიფიკაცია. თითოეული კონვენცია ადგენს სპეციალურ რეჟიმს ნარკოპოლიტიკის განსაზღვრისას ადგილობრივ დონეზე, რომელსაც ქვეყნები პასუხობენ შესაბამისი მექანიზმის შემუშავებით როგორც სადამსჯელო პოლიტიკის სფეროში, ასევე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მეტიც, მაგალითად, 1988 წლის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენცია ადგენს, რომ აუცილებელია ბალანსის დაცვა სახელმწიფოების მიერ დადგენილ სასჯელებსა და ადამიანის უფლებების კუთხით.

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციიების ძირითად სტანდარტებს შორის აღსანიშნავია პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა პაქტი, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კონვენცია, წამების აღკვეთის კონვენცია და სხვები, რომლებსაც საქართველო აღიარებს. ეს კონვენციები და გაეროს პრინციპები, რომელსაც ორგანიზაციის დებულება ეფუძნება, ძირითადი საერთაშორისო გარანტია იმისა, რომ სახელმწიფოებმა მოახდინონ შესაბამისი ეროვნული მექანიზმების შემუშავება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია ამ კუთხით ადგენს მყარ კონსტიტუციურ გარანტიებს და აწესებს, რომ ადამიანის უფლებები არის სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით მათ უპირატესი მოქმედების ძალა აქვთ. გარდა ამისა, არსებობს არაერთი სტანდარტი ადამიანის უფლებებსა და ნარკოპოლიტიკის თემატიკაზე, რომელიც გაეროს სხვადასხვა ადამიანის უფლებათა ორგანოებმა  შეიმუშავეს და მათი მოქმედება პირდაპირ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაზე. კერძოდ, გაეროს სპეციალური მომხსენებლების წლიური და თემატური ანგარიშები ფართოდ მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და აივ ინფექციის პრევენცია ადამიანის უფლებების ჭრილში, ძალადობა ნარკოტიკების მომხარებელ პირთა მიმართ და სავალდებულო პრევენციული ზომების გატარება, რომელიც თავის მხრივ აგრეთვე მოიცავს სახელმწფოს ვალდებულებას მიიღოს როგორც პრევენციული ზომები და თავიდან აიცილოს ძალადობა, აგრეთვე უზრუნველყოს უკვე განხორციელებული ძალადობრივი აქტის გამოძიება და შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა. ხსენებული დოკუმენტები ასევე ფართოდ ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალთა მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ამ კუთხით განხორციელებული ძალადობა. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სფეროში რაშიდა მანჯუსი ბოლო ანგარიშში განმარტავს, რომ უმრავლეს ქვეყნებში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში ნარკოდამოკიდებულება და ნარკოდანაშაული უკავშირდება ქალთა უფლებების აბსოლუტურ უგულებელყოფას და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დრაკონულ ნორმებს. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯანდაცვის საკითხებზე, ანანდ გროვერი, მოუწოდებს სახელმწიფოებს მოახდინონ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც თავიდან ააცილებს დამატებით ხარჯებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. მან არაერთგზის გააკეთა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ მოხდეს ნარკოპოლიტიკის ადამიანის უფლებებზე გავლენის შეფასება. აგრეთვე Yსპეციალურმა მომხსენებელმა რეკომენდაციებით მიმართა გაეროს წამების აღკვეთის კომიტეტს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ნარკოპოლიტიკის საკითხებს ქვეყნების მიხედვით ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებისას.  კერძოდ, კი საკითხები როგორიცაა: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება ნარკოტიკების მომხმარებელ პირთა მიმართ, რაც ხელს უშლის ინფორმირებული თანხმობის გამოხატვას  და ასევე ჯანდაცვის უფლების რეალიზებას პრაქტიკაში; ნარკოპოლიტიკის გავლენა სტიგმისა და დისკრიმინაციის ჩამოყალიბებაზე; მკაცრი ნარკოპოლიტიკის როლს ზიანის შემცირების პროგრამების აკრძალვის გადაწყვეტილებებზე და ნარკოპოლიტიკის გავლენას პალიატიურ მკურნალობაზე. რა თქმა უნდა, ეს მცირედი ჩამონთვალია იმ საკითხებისა, რომელიც ნარკოპოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება და რელევანტურია საქართველოს რეალობისათვის. მსგავსი რეკომენდაციები გაკეთდა უფრო ადრე სპეციალური მომხსნებლის მიერ წამების აღკვეთის საკითხებზე, რომელმაც მიიჩნია, რომ ის ტანჯვა, რასაც განიცდის პირი აბსტინენციის დროს, განსაკუთრებით პოლიციის მიერ დაკავების ადგილებში სადაც პირებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა ჩანაცვლებით თერაპიაზე, შესაძლოა, შეფასებულ იქნას როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ნარკოტიკების მომხარებლებზე ხდება ზეწოლა, რათა აბსტინენციის პერიოდში მყოფებმა ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ მისცენ აღიარებითი ჩვენება.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებისა და სხვა დაკავშირებული სტანდარტების პირდაპირ მოქმედებას საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, შეუიარაღებელი თვალითაც კი აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული არ ვცრელდება ნარკოპოლიტიკის სფეროზე. ეს უმეტესწილად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო ნარკოპოლიტიკა ხშირად არის მიჩნეული შეუსაბამოდ ადამიანის უფლებების პრინციპებთან და იმის ნაცვლად, რომ ეს ორი პარალელური უნივერსი ჰარმონიულად განვითარდეს, ხშირად აქვს ადგილი კონკურენციას. მაგალითად, ზოგიერთი სახელმწიფო ადგენს სიკვდილით დასჯას ნარკოტიკულ დანაშაულებზე, მაგალითად მალაიზია, ინდონეზია, სინგაპური. ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა სტანდარტები მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ სიკვდილით დასჯა შესაძლოა იყოს დაწესებული მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევებში კონკრეტულ საქმეებზე. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განმარტავს, რომ ნარკოტიკული დანაშაული არ მიეკუთვნება ასეთ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

ნარკოპოლიტიკის იმპლემენტაციის კუთხით საქართველოში გავრცელებული უფლებათა დარღვევები მრავალმხრივია და შეეხება როგორც ჯანდაცვას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებას. ასევე მტკიცებულებები ცხადყოფს რეალურ და დაუყოვნებლივ საჭიროებას რეფორმირდეს ნარკოპოლიტიკა, რათა იგი სრულ შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან