11.03.2012 თვითდახმარების ჯგუფები

2012 წლის 9, 10 და 11 მარტს, ზიანის შემცირეების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში რეგიონებში ვიზიტი გაიმართა. ქვეყნის 6 ქალაქში (გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი) შედგა შეხვედრები ნარკოტიკების მომხმარებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა აქტიური მომხმარებლების, ყოფილი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან თვითდახმარების ჯგუფების დაკომპლექტება და მათი მოტივაციის ამაღლება საკუთარი უფლებების ადვოკატირების მიზნით. პროექტის თემის გაძლიერების კომპონენტის კოორდინატორმა, კონსტანტინე ლაბარტყავამ და მოხალისეებმა თემის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის მიზნების და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრებზე ისაუბრეს თემის და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. სირთულეები იდენტური აღმოჩნდა თითქმის ყველა რეგიონში და ძირითადად ჯანდაცვის და უფლებრივი კუთხით იკვეთება: სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მაღალი ფასი და ხელმიუწვდომლობა, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების ნეგატიური ზეგავლენა მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე, მოხმარებისთვის დაწესებული ჯარიმებისა და საპროცესო გარიგეგებისთვის დაწესებული თანხების სიდიდე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული შედეგები.  ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და უახლოესი გეგმების შესახებ ესაუბრნენ. თემის და მათი ოჯახის წევრებმა გამოხატეს დიდი ინტერესი პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით. დაგეგმილ ღონისძიებებზე მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.