28. 03. 2012 შეხვედრა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე

2012 წლის 27-28 მარტს, ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით და „ალტერნატივა ჯორჯიასს”, „მეინლაინ ფაუნდეიშენისა’’ და საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის”  ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში’’ ნარკოპოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პარტნიორები ასევე იყვნენ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო’’, ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის თბილისის წარმომადგენლობა. მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ნარკოპოლიტიკის გამოწვევები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის მეთოდები, არსებული პოლიტიკის ხარჯთეფექტურობის საკითხები და სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკთა პარტნიორობა.

ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ევროსაბჭოს პომპიდუ ჯგუფის წარმომადგენელმა მონაწილეებს ჯგუფის საქმიანობისა და იმ დახმარების შესახებ მოუთხრო, რომელსაც პომპიდუ ჯგუფი წევრ სახელმწიფოებს უწევს. შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად ციხისა და ნარკოტიკების თემას დაეთმო.

„თანადგომის” წარმომადგენლებმა საზოგადოებას მათ მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს, ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა ამგვარი ტიპის კვლევების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს.