28.07.2012 სიცოცხლის ღირებულება მკურნალობის ფასზე მეტია

1_120

28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე უკვე მეორე წელია აღინიშნება და C ჰეპატიტის პრობლემის მოგვარებას ემსახურება. შარშან კამპანიის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო, წელს კი  მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში C ჰეპატიტის გავცრელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია.  ამ ვირუსით დღეს დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მკურნალობა 20 ათას ლარზე მეტი ჯდება, ეს თანხა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჰეპატიტის მატარებლებს მკურნალობისათვის საჭირო ფინანსურ დახმარებას არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანიები არ უწევენ. 

სწორედ ამიტომ, 28 ივლისს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და ევროკავშირის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთის“ მხარდაჭერით, დედაქალაქსა და რეგიონებში (გორი, ზუგდიდი, ბათუმი) ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები. თბილისში მოეწყო აქცია  მოთხოვნით - „ჩვენ მკურნალობა გვჭირდება დღეს“.

 

2_120

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ  ბარიერები გაშალეს. თითოეული ბარიერი იმ თანხის ოდენობას და ხარჯის ზრდას აჩვენებდა, რომელიც მკურნალობისთვის არის საჭირო.  სიმბოლური გარბენით აქციის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს ამ პრობლემის დაძლევის აუცილებლობას.

აქციაზე C ჰეპატიტით ინფიცირებულები და მათი ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს მკურნალობის საპილოტე გეგმის განაცხადი და ის გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრსა და სახალხო დამცველს.  „იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მკურნალობის ფასის მნიშვნელოვანი გაიაფება და მას არ აანაზღაურებს დაზღვევა, უახლოეს პერიოდში ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცროზით, ღვიძლის კიბოთი და ღვიძლის სხვა დეკომპენსირებული მდგომარეობის შედეგად დაიღუპება“ - ნათქვამია მიმართვაში.