31.08.2012 ზედოზირების საერთაშორისო დღე

 

2001 წელს ავსტრალიაში, შპრიცების გაცვლის პროგრამის მენეჯერი, სალი ფინი, ზედოზირებით დაღუპული ოჯახის წევრების მძიმე განსაცდელმა დააფიქრა.

წამალდამოკიდებულების სტიგმა ოჯახის წევრებს არ აძლევდა საშუალებას  თავიანთ ტკივილზე ღიად ესაუბრათ. სწორედ ამიტომ, ფინმა გადაწყვიტა ზედოზირებით დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ღონისძიება გაემართა.

11 წლის შემდეგ, ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების დღეს - 31 აგვისტოს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. წელს ამ დღის აღნიშვნას საქართველოც შეუერთდა. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მრგვალი მაგიდა  - „ზედოზირება: სიცოცხლე ან თავისუფლება“ გამართა.

ნარკომომხმარებლები ზედოზირებისას სასწრაფო დახმარებას არ მიმართავენ. ამის მიზეზი კი უმეტეს შემთხვევაში სამართლებრივი დევნის შიში ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა  ხელისუფლებას მოუწოდეს შეამსუბუქონ მკაცრი პოლიტიკა, რომელიც დღეს ადამიანებს სიცოცხლესა და თავისუფლებას შორის არჩევანის წინაშე აყენებს.

 

დღის ბოლოს მეტრო „რუსთაველთან“ გაიმართა ფლეშმობი, სადაც ზედოზირების ინსცენირებით გამვლელებს ზედოზირებისას ადამიანის გადასარჩენად პირველადი დახმარების წესები გააცნეს. მსგავსი ფლეშმობები გაიმართა გორში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმშიც.

მთელს მსოფლიოში ზედოზირება ან მის შედეგად გამოწვეული გართულებები ნარკომომხმარებლების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია.  საქართველოში მდგომარეობას ამძიმებს კუსტარული ოპიოიდების („ნიანგი“ - დეზომორფინი) გავრცელების პრაქტიკა. ქვეყანაში ზედოზირების შემთხვევების თუ მათი ფატალური შედეგის  ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.