13.11.2012 „დოჰას დეკლარაციის“ 11 წლისთავი

13 ნოემბერს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის „დოჰას დეკლარაციის“  მე-11 წლისთავი აღნიშნა. როდესაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა, ამ დეკლარაციის მიხედვით წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ გვერდი აუარონ TRIPS-ის (საპატენტო უფლებებთან დაკავშირებით) ხელშეკრულებას.

არასამართლიანი საპატენტო პირობების საჩვენებლად, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრმა ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. მათ პოლიეთილენის პარკში მოათავსეს შაქარი და არაადეკვატურად მაღალი ფასი მიუთითეს. (სუკროზა (შაქარი) გამოიყენება შემაკავებელ ნივთიერებად ინტერფერონის ცილასთან პოლიეთილენ გლიკოლის მოლეკულის მიერთების დროს, რაც პატენტით არის დაცული.  ინტერფერონის ცილის პეგილირების პროცესში ამ ორი ნივთიერების გამოყენებაა პატენტით დაცული და სწორედ ამ ტექნოლოგიის „ინოვაციურობა განაპირობებს იმას, რომ კომპანიები 10 წლის განმავლობაში არ აკლებენ ფასს პეგილირებულ ინტერფერონს). ამგვარად მათ ხაზი გაუსვეს იმ უსამართლო ზეგავლენას, რომელსაც საპატენტო შეზღუდვები და მონოპოლიები სასიცოცხლო მედიკამენტების ფასწარმოებაზე ახდენს. ამ დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ შეახსენებს გადაწყვეტილებების მიმღებებს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთა ამოქმედებით ათასობით თანამოქალაქეს მდგომარეობა შემსუბუქდება.