ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის` განცხადება

 "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" შეშფოთებულია ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ფაქტის გამო. კანონმდელობისა და ნარკოპოლიტიკის დაპირებული ლიბერალიზაციის სანაცვლოდ ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს გამკაცრებულ პოლიციურ რეჟიმს. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჩერებენ ახალგაზრდებს ქუჩებში, სკვერებში, აეროპორტებში, ჩხრეკენ მათ, აკავებენ და მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით გადაყავთ ნარკოლოგიურ დაწესებულებებში. საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენილი პირი თუ ნებაყოფლობით არ ჩააბარებს ბილოგიურ მასალას, ასეთ შემთხვევაში პოლიცია მიმართავს სასამართლოს ნიმუშის აღების შესახებ განჩინებას გამოტანის შუმდგომლობით. მითითებული განჩინების საფუძველზე ხდება პირისგან ნიმუშის აღება მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა. გამოდის, რომ ხელისუფალი არათუ ფიქრობს ლიბერალური სივრცის შექმნას, არამედ კიდევ უფრო ხვეწავს პრაქტიკას, რომელიც გაუადვილებს მომხმარებლების მიმართ სადამსჯელო ზომების გამოყენების შესაძლებლობას. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წამალდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს რეპრესიულ საპოლიციო ღონისძიებებს, რომელიც ორიენტირებულია არა ნარკომომხამრებელთა რეაბილიტაცია-მკურნალობისკენ და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, არამედ მათ დასჯაზე. ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ფაქტიც კიდევ ერთი გამოვლინებაა ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არსებობის. გასაგებია, რომ ხელისუფლი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, დაიცვას საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ფასად.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას დასჯაზე ორიენტირებულ მიდგომებზე და ადამიანების მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე.