ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის 2016 წლის ანგარიში

 

 წლიური ანგარიშის შემუშავება მიზნად ისახავს გაწეულ სამუშაოზე ანგარიშგებას წევრი ორგანიზაციების, ბენეფიციარების, დონორებისა და პარტნიორების მიმართ. ანგარიშში ასახულია ის მიღწევები, რომლებიც 2016 წელს გაწეული მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია ზშ ქსელის სტრუქტურების, მისი ფინანსური სიჯანსაღისა და პროგრამული მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობებზე.

მსურს ავღნიშნო, რომ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი წარმატებით აგრძელებს საქმიანობას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც ხელს უშლის წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ქსელი აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ჰუმანური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ქსელის მონაწილეობით 2016 წელს ჩამოყალიბდა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ქსელის მონაწილეობით ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სამუშაო ფორმატში განიხილება საპარლამენტო კომიტეტებში და უახლოეს მომავალში გახდება პარლამენტის მსჯელობის საგანი. ქსელი აგრძელებს საქმიანობას წევრი ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, ეხმარება მათ სამოქმედო სტრატეგიების შემუშავებასა და შიდა მმართველობითი სისტემების გაუმჯობესებაში. ქსელი აქტიურად თანამშრომლობს ქსელის წევრ ორგანიზაციებთან, მათ შორის სათემო ორგანიზაციებთან და მაქსიმალურად ცდილობს უზრუნვლყოს მათ ჩართულობას ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ხელს უწყობს მათ საადვოკაციო საქმიანობის განხორციელებაში და სტრატეგიების შემუშავებაში.

ქსელი 2008 წლიდან დღემდე ახორციელებს შპრიცების პროგრამას ქვეყნის 11 ქალაქში 14 სერვის ცენტრის სახით. ერთ-ერთი სერვის ცენტრი მდებარეობს კონფლიქტურ რეგიონში ქ.სოხუმში. ყოველწლიურად იზრდება პროგრამის მიერ მოცული ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების რაოდენობა, ბოლო წლების მანძილზე აღნიშნული პროექტის წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის გახორციელებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქსელი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, სამკურნალო კლინიკებთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, დარგში ჩართულ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან. ქსელი ხელს უწყობს ზიანის შემცირების პროგრამებზე ინვესტიციის საჭიროების ადვოკატირების პროცესში ნარკომომხმარებლების თემის გაძლიერებას და მათ უშუალო ჩართულობას.

ზიანის შემცირების ქსელი პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ“ ფინანსური მხარდაჭერით იქმნება ზიანის შემცირების სტანდარტები. აღნიშნული ღონისძიებების საბოლოო მიზანია სტანდარტის დამტკიცება ეროვნულ დონეზე, რაც ერთის მხრივ ხელს 4 შეუწყობს ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისების ხარისხის გაუმჯობებსებას და მოცვის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ შპრიცების პროგრამის მიწოდების ლეგალური ბაზის შემქნმას.

ქსელი ჩართული იყო C ჰეპატიტის მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებაში, მონაწილეობდა პროგრამის ამუშავების პროცესში, ხოლო 2016 წელს ქსელმა ჩაატარა პროგრამის პირველი ფაზის შეფასება, რომლის მიზანი იყო ნარკოტიკების მომხმარებლებელთა თემის პროგრამაში ჩართვისა და მკურნალობის პროცესში არსებული ხარვეზების და ბარიერების შესწავლა. ზიანის შემცირების ქსელის პროექტის „ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა უფლებებისთვის“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია ორი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელთა დავის საგანს წარმოადგენს „სისხლის სამართლის კოდექსის“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკუსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სასახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ბექა წიქარიშვილის საქმე) გახდა კანონმდებლობაში იმ მცირედი ცვლილებების საფუძველი, რომელიც განხორციელდა მარეხუანასთან დაკავშირებით. ქსელი სწორედ სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ცდილობს აიძულოს ხელისუფალი უარი თქვას მომხმარებლების კრიმინალად აღიარებაზე, უარი თქვას სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რჟიმში ჩამორთმევაზე, უარი თქვას წამებასთან გათანაბრებულ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ სამართლებრივი სისტემების მოუწესრუგებლობის შედეგი, არამედ იგი არის ჰუმანური მიდგომების დამკვიდრებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგი. შესაბამისად ჩვენი ყველა მცდელობა მიმართულია პოლიტიკის განმსაზღვრელებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ნების ცვლილებისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული გახლავთ მცირედი იმ საქმიანობიდან, რასაც ქსელი ახორციელებს, მე იმედი მაქვს ერთობლივი შრომით და ძალისხმევით შევძლებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და ქსელის ყველა წევრ ორგანიზაციას გისურვებთ წარმატებას.

პატივისცემით კახა კვაშილავა "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

იხილეთ "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" 2016 წლის ანგარიში სრულად - 2016 წლის ანგარიში