ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის პეტიციას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

2014 წლის 26 ივნისს “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” მიერ წარდგენილ პეტიციას, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

23 სექტემბერს გამართულ კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ახლებური მიდგომის ჩამოყალიბებამდე და საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში წარმოდგენამდე, კომიტეტს ამ ეტაპისთვის მიზანშეუწონლად მიაჩნია იმსჯელოს და მხარი დაუჭიროს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოა შექმნილი, რომლის სამუშაო ფარგლებში განიხილება საკითხი, ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის განახლებული პოზიცია. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას ხელს შეუწყობს.

“ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” პეტიციაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციაზე.

“დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ზედოზირებით სიკვდილიანობის ზრდას, ნარკოტიკის მომხმარებლებს ართმევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას და პიროვნებას აქცევს დამნაშავედ”, – ვკითხულობთ პეტიციაში.

ორგანიზაციის მოწოდება საკანონმდებლო რეფორმების გატარება იყო, რომელიც ხელს შეუწყობდა ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობას და ბოლოს მოუღებდა მათ კრიმინალიზაციას.