ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

 

  2016 წლის 15 ივნისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 83- სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას მოხდა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის მდგრადობის გეგმის მონახაზის შესახებ, დამტკიცდა საზედამხედველო კომიტეტის ახალი შემადგენლობა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ. სხდომას ესწრებოდნენ: დავით სერგეენკო - ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  არჩილ თალაკვაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  სხდომაზე გლობალური ფონდის დაფინანსებით მინდინარე პროექტის ,,ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისევის მიწოდებაგანხორციელების ბარიერების შესახებ  მოხსენებით გამოვიდა  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი  დირექტორი კახა კვაშილავა. მან  ისაუბრა  იმ პრობლემების შესახებ,რომელსაც ზიანის შემცირების პროგრამის წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ურთიერთობისას აწყდებიან. განხილულ იქნა სამართალდამცველთა მიერ ბათუმის სერვის-ცენტრის ა/ო ,,იმედი“  ბენეფიციარების დევნის, თვალთვალის და ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანის ფაქტები, ასევე სხვა სერვის ცენტრებში (,,ჰეპა+“, ,,აკესო“, ,,ახალი გზა“) სოციალური/აუთრიჩ მუშაკების დაკავების და ცენტრების მანქანების თვალთვალის შესახებ არსებული ფაქტები. კვაშილავამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შსს მინისტრის მოადგილეებთან არჩილ თალაკვაძესთან და ბესო ამირანაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დაუყონებლივ მოხდებოდა პოლიციასთან დაბალანსებული მუშაობის დაწყება, რითაც ზიანის შემცირების პროგრამას  ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მიეცემოდა. თუმცა, პოლიციასთან ურთიერთობა ისევ გართულებულია და საფრთხეს უქმნის პროგრამის მიმდინარეობას. კვაშილავას თქმით, არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში რთულია ნარკომომხმარებლების აივ/შიდსის და ჰეპატიტების პრევენციის პროგრამაში მოზიდვა, სერვისების შეთავაზება, ტესტირებაზე დათანხმება, მათი ნდობის მოპოვება. ეს მონაპოვარი კი პოლიციის ქმედებების გამო მარტივად იკარგება. რამდენიმე თვის წინ მომზადდა სამუშაო ვერსია ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმის გასაფორმებლად (შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს შორის), და კომენტირებისთვის გაეგზავნა  შსს სამინისტროს. სამწუხაროდ, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა არ მოხდა  უცნობი მიზეზების გამო. სხდომაზე კვაშილავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ვერ შედგება მაღალი რისკ ჯგუფების სკრინინგზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გარეშე. ,,ნებისმიერ შემთხვევაში, ვდგებით საშიშროების წინაშე, რომ დავკარგოთ ნდობა ჩვენი არსებული ბენეფიციარების, გაგვირთულდეს ახალი ნიმ-ების მოზიდვა და სერვისებში ჩართვა, გართულდეს გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში დასახული ინდიკატორების მიღწევა და საფრთხე შეექმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურ განხორციელებასაც,- გააცხადა შეხვედრაზე ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კვაშილავამ.