გაეროს UNAIDS პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს რიგით 38-ე სხდომა

28-30 ივნისს ქ. ჟენევაში  გაეროს UNAIDS პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს რიგით 38-ე სხდომა გაიმართა, სადაც თემატურ სეგმენტში ,,სამოქალაქო სექტორის როლი აივ/შიდსის წინააღმდეგ“ ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორი მაკა გოგია საქართველოში აივ/შიდსის პროგრამის შესახებ მოხსენებით გამოვიდა. მის ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო სამოქალაქო საზოგადოების და თემის წევრების აქტიური ჩართულობა სერვისის მიწოდებაში. მოხსენებაში ძირითადი აქცენტები  გაკეთდა ზიანის შემცირების პროგრამების ეფექტური განხორციელების ხელშემშლელ გარემოებებზე- როგორიცაა მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების უწყვეტობა გლობალური ფონდის გასვლის შემდგომ და სერვისების მიწოდებაში თემის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები მსოფლიოს 120-მდე ქვეყნიდან და 30-მდე სამოქალაქო სექტორის აქტივისტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა UNAIDS გენერალური დირექტორი მიშელ სიდიბე და გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დაიბლიც. საქართველოს შემთხვევის წარდგენას ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა. შეხვედრის დაგეგმვისას და განხორციელების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან, მათი მუშაობა შეხვედრის დასასრულს ნაყოფიერად შეფასდა.

ქვემოთ იხილეთ გაეროს შეხვედრაზე ქსელის გზავნილი სრულად:

 

,,ძვირფასო სხდომის თავმჯდომარევ და შეხვედრის მონაწილეებო,

მოგახსენებთ, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე სამოქალაქო სექტორის ჩართულობამ ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისას მნიშვნელოვნად განაპირობა აივ/შიდსის პრევენციის პროგრამების წარმატება. გლობალური ფონდი წარმოადგენს მნიშვნელოვან დონორს აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად.

სერვისების მიწოდებაში თემის  ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსაცველი პოპულაციის რაოდენობის ზრდაში, თემის მობილიზაციაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაში. სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის შედეგს ასევე წარმოადგენს ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება.

 თუმცა, ქვეყანაში არსებული მკაცრი ნარკოკანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად ართულებს შპრიცების პროგრამის ეფექტურ განნხორციელებას. იძულებითი ნარკოტესტირება, მაღალი ფულადი ჯარიმები და დაპატიმრება, თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო - წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას საიმისოდ, რომ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები არიან დაფარული და ნაკლებად ხელმისაწვდომი ჩვენი პროგრამებისთვის.

 

სინამდვილეში, საქართველოს მთავრობას დღეს აქვს 2 სახე: ერთის მხრივ, ის ხელს უწყობს გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელებას დაფინანსებით, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობს პოლიციას სადამსჯელო ღონისძიებების მკაცრად განხორციელებაში პროგრამების ბენეფიციარების და თანამშრომლების მიმართ.

 დიახ, სინამდვილეში ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ პოლიციის შიშის ქვეშ ზიანის შემცირების და ტესტირების სერვისების მიწოდებისას, ხშირად ჩვენი სერვის ცენტრები პოლიციის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

ნარკოპოლიტიკის რეფორმა არის აბსოლიტური პრიორიტეტი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად და ჩვენ გვესაჭიროება შემდგომი დაფინანსება ადვოკატირებიისთვის.

 ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გვაღელვებს ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების უწყვეტობა გლობალური ფონდის წასვლის შემდგომ. აივ ინფექციის ეპიდემია ჯერ კიდევ ზრდად ტემპს ინარჩუნებს საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში. პროგრამების უწყვეტობის შესახებ სახელმწიფოსგან დღეს გვესაჭიროება გაცილებით მეტი, ვიდრე სიტყვიერი დაპირებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო გაიზიარებს ისეთი ქვეყნების ბედს, როგორებიცაა: ალბანეთი, სერბია, რუმინეთი და მაკედონია.

 აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ზიანის შემცირება დააფინანსოს მინიმუმ იმ მოცულობით, როგორც ეს დღეს ხდება - გლობალური ფონდის დაფინანსების ფონზე.

 ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრების გამოცდილება და ექსპერტიზა, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ დღეს მნიშვნელოვან მოკავშირეებს სფეროში წარმატების მისაღწევად.

 ყველა აღნიშნულის გავითვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს გარდამავალი პერიოდის ეფექტურ განხორციელებაში.

 და აქვე მინდა მივმართო გლობალური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მარკ დაიბლს: გთხოვთ ნუ წახვალთ ქვეყნებიდან მანამ, სანამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი წარმატებულად არ მოგვარდება.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის.“

 

იხილეთ სტატია - http://www.harm-reduction.org/ru/communities-and-UNAIDS

width=920

width=920

width=920

 

width=960

width=960

width=960

 

width=960

 

width=960

width=528