01.12.2012 შიდსის მსოფლიო დღე

 

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია - “დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა”. აივ/შიდსის  პრევენციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროში მომუშავე 30 ორგანიზაციას აერთიანებს, ყოველწლიურად აღნიშნავს შიდსის საერთაშორისო დღეს.  2012 წლის სექტემბერში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფის სამდივნო გახდა და კოორდინაცია გაუწია 1 დეკემბრის ღონისძიებებს. ქორთიარდ მარიოტში გაიმართა პრესკონფერენცია და დისკუსია. ფილიპ დიმიტროვი, სანდრა ელისაბედ რულოვსი, თენგიზ ცერცვაძე, ლია თავაძე, თამარ სირბილაძე, აკაკი ლოჩიშვილი და ლაშა ზაალიშვილი მთავარი მომხსენებლები იყვნენ.

კამპანიის ფარგლებში ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლები, გამოიფინა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის საშუალებები, მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო მასალები. თბილისში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სპეციალური ავტობუსით დარიგდა საინფორმაციო მასალა. დღის ბოლოს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა “წითელი ლენტის აქცია”. აქციაზე მოქალაქეებმა, აივ დადებითი ადამიანების სოლიდარობის სიმბოლო -წითელი ლენტი ანთებული სანთლებით გამოსახეს.