ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია

 2013 წლის 24 ნოემბერს სათემო ორგანიზაციების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მხარდაჭერები იყვნენ: “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი“, „ალტერნატივა ჯორჯია“ და ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“.  მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები: ჯარიმები არ კურნავს, ჩემი რეპრესია შენი რეგრესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს დამსჯელობით ღონისძიებებს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები: გაუარესდა წამალდამოკიდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ოჯახებს მიადგათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზიანი, მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა იზოლაცია. სამწუხაროდ აღნიშნული ძალოვანი სტრუქტურა არსებულნარკოკანონმდებლობის საფუძველზე კვლავაც აგრძელებს ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნას „ქუჩის ნარკოტესტირების საშუალებით. პოლიციელებს ათასობით მოქალაქე  გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებებში ნარკოტესტირების ჩასატარებლად, რასაც მოსდევს ადმინისტრაციული და სისიხლისამართლებრივი სანქციები. ბოლო 6 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გამოკვლევის მიზნით საქართველოს მაშტაბით ჩატარდა 200 000-ზე მეტი  ტესტირება. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ყოველწლიურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება ათასობით ადამიანს. სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 20-30 მილიონი ლარით ივსება ნარკომანიით დაავადებული პირების მიერ გადახდილი ჯარიმები სახით, ხოლო ამ ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციზე 10-ჯერ ნაკლები თანხა იხარჯება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული აქციის მიზანი იყო პოლიტიკის განმსაზღვრელებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ნარკოტიკების მოხმარების შემცირების კუთხით დადებითი შედეგი არ მოაქვს. აქციის ორგანიზატორები საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებს მოუწოდებენ შეურთდნენ პეტიციას, რომლის ადრესატებიც მთავრობა და პარლამენტი არიან, რომ მათ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაატარონ ისეთი საკანონდებლო ცვლილება, რომელიც ბოლოს მოუღებს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას და ხელს შეუწყობს მათ მკურნალობასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.