აქცია საქართველოს პარლამენტთან

26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა გამართა საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან საადვოკაციო კამპანია „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“-ს ფარგლებში. აქციის მთავარი გზავნილი იყო: კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად.

აქციას მხარი დაუჭირა: „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“(GHRN), ა/ო „ალტერნატივა ჯორჯია“, „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“ (MDM), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“(OSGF), “ფონდი ღია საზოგადოება” (OSF), “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი”(IDPC).
აქციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებს გზით, რათა ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნა და დასჯა ჩანაცვლდეს მათთვის სამკურნალო, პროფილაქტიკურ, ზიანის შემცირების და სარეაბილიტაციო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყფით.

აქციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეტანილ იქნა პეტიცია, რომელიც მხარდაჭერილია 60 ათასამდე მოქალაქის ხელმოწერით.
პეტიცია თავის მხრივ ხაზს უსვამს იმ ნეგატიურ შედეგებს, რომლებიც განვითარდა ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის შედეგად, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის, ისე სახელმწიფო ინტერესების პერსპექტივიდან გამომდინარე. პეტიციაში ასევე მოყვანილი იყო საერთაშორისოდ აპრობირებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული ის დადებითი გამოსავლები და სარგებელი, რომელიც მოსალოდნელია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა 2 თვის მანძილზე და ის მიზნად ისახავდა სახელმწიფოსათვის ეჩვენებინა, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა ჰუმანური და ლიბერალური გზით, არის საზოგადოებრივი შეკვეთა.

აქციისათვის მზადების პროცესში, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი აქტიურად მუშაობდა მედიის მობილიზების და მედია აქტივობების წარმართვის მიმართულებით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიეპყრო საზოგდაოებრივი ყურადღება და ინტერესი.

კამპანიის ფარგლებში შემუშავებულ იქნა სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც ხაზს უსვამდა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის არაადაკვატურობას, რომელიც გამოიხატება ადამიანების შეზღუდული ხელმისაწვდომობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურეობებზე, ისევე როგორც ქვეყანაში დაკანონებულ არაადეკვატურ სასჯელებზე. აღნიშნული ვიდეო რგოლის ტრანსლირება ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა საქართველოს საზოგადებრივ მაუწყებელზე.
გარდა ამისა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ მიწვეულნი წამყვან სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, სადაც ხდებოდა ნარკოპოლიტიკის პრობლემის ანალიზი და საზოგადოებისათვის პრობლემის ისეთ სხვადასხვა ჭრილში წარმოჩენა, როგორიცაა პრობლემის სამედიცინო მხარე, იურიდიული მხარე, სოციალური მხარე და სხვა.