გაერო საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმირებისთვის სავალდებულო რეკომენდაციებს აქვეყნებს

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა ქალთა წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში წარადგინეს ჩრდილოვანი ანგარიშები 2014 წლის მაისში. 7 ივლისს ორივე კომიტეტში გაკეთდა განცხადებები წამალდამოკიდებულთა უფლებათა დარღვევების შესახებ, რაც არღვევს შესაბამის კონვენციებს. ივლისის ბოლოს გაეროს კომიტეტების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის მითითებული ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის რეფორმირებისა და მტკიცებულებებზე დამყარებული სერვისების მიწოდების აუცილებლობის შესახებ. 
2014 წლის 24 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს რიგით მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის კონტექსტში და საპროცესო შეთანხმებების სისტემა გამოიყენება თანხის გამოძალვის მიზნით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რომ რეფორმირდეს საპროცესო შეთანხმების სისტემა და ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა. კომიტეტი მთავრობას მოუწოდებს გამოიყენოს ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში, უზრუნველყოს ჯანდაცვა, ფსიქოლოგიური დახმარება და სარეაბილიტაციო სერვისები ნარკოტიკების მომხარებლებისთვის, მათ შორის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიით და ზიანის შემცირების პროგრამები. 
ქალთა წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, საქართველოს რიგით მეოთხე და მეხუთე პერიოდულ ანგარიშეთან დაკავშირებით, აღნიშნულია გენდერულად სენსიტიური, ხელმისაწვდომი და მტკიცებულებებზე დამყარებული მკურნალობის ნაკლებობა ქალი ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის. კომიტეტის დასკვნაში ასახულია საჭიროება, რომ ჩატარდეს კვლევა ნარკოტიკების მომხარებელი ქალების რაოდენობის დასადგენად, მათ შორის ორსული ქალების და სახელმწიფომ შესთავაზოს მათ გენდერულად სენსიტიური, მტკიცებულებებზე დამყარებული მკურნალობა, მათ შორის ზიანის შემცირების პროგრამები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

იხილეთ ვიდეო - youtube