ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება მოეხსნა

შრომის, ჯანმრთელოს და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს ბრძანებით, სამედიცინო პერსონალი ვალდებული აღარ არის პოლიციას ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების შესახებ აცნობოს.

აღნიშნულ საკითხს დავით სერგეენკოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

კერძოდ, ბრძანებას დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას არ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, თუ დამატებით სახეზე არ არის  სხვა გარემოებები, რომლებიც კანონით პოლიციისთვის ცნობას ექვემდებარება.

სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება. ესენია: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.