მრგვალი მაგიდა – ,,მკურნალობა დასჯის ნაცვლად“

2014 წლის 17 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ,,ახალი გზა“, ,,ახალი ვექტორი“, ,,ჰეპა პლუსი“ და ,,აკესო“  გამართეს მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – ,,მკურნალობა დასჯის ნაცვლად“. ღონისძიება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში განხორციელდა .
საქართველოში ჩატარებული კვლევები (ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოში, საერთაშორისო ფონდი კურაციო, საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”) მკაფიოდ აჩვენებენ პრობლემურ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციას (2009 წელს 40000, 2012 წელს 45000), რაც თავის მხრივ ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლაში დამსჯელობითი პოლიტიკის არაეფექტურობას ადასტურებს. მზარდი პრობლემა დღის წესრიგში წამალდამოკიდებულების ეფექტური, ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული მკურნალობის აუცილებლობას აყენებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის საქართველოში არსებული სისტემა მკურნალობის საწყის ეტაპს, მაგრამ არასაკმარის კურსს წარმოადგენს. გამომსვლელების თქმით, წამალდამოკიდებულების მკურნალობისას, დეტოქსის შემდგომი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციაა აუცილებელი.